ტური იმერეთსა და სამეგრელოში

რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ტური შედგეს?
პირველ რიგში მარშრუტი – მიმზიდველი, სასურველი და მისაღები ტურისტებისთვის.
გარემო – ანუ ტურში მონაწილე ადამინები.
ორგანიზატორი – რომელსაც ყველაზე დიდი როლი აკისრია: ექსკურსიის ორგანიზება, ტურისტების სასტუმროში განთავსება, ზრუნვა იმაზე რომ უკმაყოფილება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
და ამინდი?!( თუმცა ამინდი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი ).

ამჯერად გაგვიმართლა, ამინდი, მართლაც რომ შესაშურად კარგი იყო, მზით გაბრჭყვიალებული და ნათელი. ჩვენც, მთელი ჩვენი „ამალით,“ დავადექით იმერეთ – სამეგრელოს გზას. ორი სამარშრუტო ტაქსი, სავსე არაჩვეულებრივი ადამიანებით, მხიარული გუნება – განწყობილება.

პირველი გაჩერება – გელათის სამონასტრო კომპლექსი. ბატონმა ამირანმა გიდობა სიამოვნებით გაგვიწია და ისტორიულ – რელიგიურ – მისტიკური ახსნა– განმარტებებით მოგვატარა გელათის ტერიტორია. თითქმის დაგვარწმუნა, რომ თამარ მეფის საფლავზე ვიდექით. გაფართოებული თვალებით ვუყურებდით და გაფაციცებულები ვუსმენდით მის ყოველ სიტყვას.
დაუვიწყარ მოგონებად დარჩება თითოეულ ჩვენგანს, დავით აღმაშენებლის საფლავთან წარმოთქმული ლოცვა, ყველა ერთხმად რომ ვიმეორებდით,.
ინფორმაციით დატვირთულებმა და განსპეტაკებულებმა გზა მოწამეთასაკენ ავიღეთ.

მეორე გაჩერება– მოწამეთა. დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად აგებული ეს მონასტერი, თავისი უზადო ხედებით, მართლაც რომ ულამაზესია. ძნელია გადმოსცე ის შეგრძნება, რაც იქ მისულ ადამიანს ეუფლება . იყო გმირი, შეეწირო შენს სამშობლოს, შენს რელიგიას, იყო მაგალითი ერისთვის, ბერისთვის, მართლაც რომ აღემატება ყოველივე ამქვეყნიურს და ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, წმინდანი ძმების ხსოვნა მუდამჟამს გულით ვატაროთ.

მესამე გაჩერება – ბაგრატის ტაძარი. ტაძარი, რომელიც 1692 წელს თურქთა შემოსევის დროს განადგურდა.
განვლილ საუკუნეებში ქუთაისის მშვენება და მფარველი ტაძარი, გუმბათჩამოშლილი, ჩაშავებული კედლებით,მაგრამ მაინც ამაყი, იდგა ჩვენს წინაშე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მალე გუმბათსაც დაადგამენ, „შეფუთავენ“, შეალამაზებენ. თუმცა, ეს უკვე სხვა ტაძრის ისტორია იქნება და არა იმ დიდი და დიადი ტაძრისა, ბაგრატ მესამე რომ აშენებდა, მეთერთმეტე საუკუნის ერთიანი საქართველოს პირველ სიმბოლოდ .

სად გავჩერდი?
დიახ, მეოთხე გაჩერებასთან…

მეოთხე გაჩერება – პრომეთეს, იგივე ყუმისთავის მღვიმე. წინ,მიწის სიღრმეში, მართლაც, არნახული სანახაობა გველოდა. ახლახან აღმოჩენილი მღვიმე , უკვე საკმაოდ პოპულარულია, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. მთელი კილომეტრ ნახევარი მიწაში მოძრაობ, ათვალიერებ სხვადასხვა ფორმისა და ზომის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, გადადიხარ მიწისქვეშა უღელტეხილს. მღვიმეს სხვადასხვა დასახელების ექვსი დარბაზი აქვს.
მთელი ეს კილომეტრნახევრიანი გზა ჩურჩულით გავიარეთ. ცოტა არ იყოს და მკაცრი გამყოლი გვყავდა. იმის შიშით, ღამურა არ ჩაგვფრენოდა თავში, ან სტალაქტიტი არ დაგვცემოდა, ხმას ვინ ამოიღებდა. ისე, ემოციებსაც, ყველანი ჩვენებურად, მდუმარედ გამოვხატავდით და აი, ჰოი საოცრებავ! ბოლო დარბაზში – ჩვენს საპატივცემულოდ, თუ ღამურების გასახარად, ტიტანიკის საუნდტრეკი–„My Heart Will Go On“ ჩაგვირთეს. მუსიკის ჰანგები მოედო მღვიმეს, ჩვენც სიამოვნებით ვუსმენდით ჩვენს ირგვლივ ახმიანებულ მელოდიას. თუმცა, ჩაძირვას და იქ დარჩენას არავინ გეგმავდა, წინ ხომ მარტვილის მონასტერი გველოდა.

მეხუთე გაჩერება – მარტვილის მონასტერი. გზა იმერეთიდან – სამეგრელოსკენ ნახევარ საათში დავფარეთ. უკვე, საკმაოდ ბნელოდა, მარტვილში რომ შევედით. ჩაბნელებული პატარა ქალაქი, დაცარიელებული ქუჩები, კანტიკუნტად განათებული სახლები და ამის ფონზე, გორაკზე აღმართული, თვალისმომჭრელად მოელვარე– მარტვილის მონასტერი.
მონასტერში, მოლოცვის შემდეგ, ჩვენდა გასახარად, წილად გვხვდა, მოგვენახულებინა პატარა სენაკი, სადაც გადმოცემის თანახმად, გიორგი ჭყონდიდელი ამეცადინებდა დავით აღმაშენებელს.

ამ ფრიად დატვირთული დღის შემდეგ, ისღა დაგვრჩენოდა, კიდევ ერთხელ ხოტბა შეგვესხა წინაპრებისთვის, რომელთაც ასეთი დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და გავნაწილებულიყავით საოჯახო სასტუმროებში.

მეექვსე გაჩერება– საოჯახო სასტუმროები, სადაც ჩვენს ტურისტებს ელოდათ – მეგრული სუფრა, გულმხურვალე მასპინძელები და თბილი ლოგინი.

მეორე დღე, დილიდანვე, მხიარული ნოტებით დაიწყო. სამარშრუტო ტაქსში, საკმაოდ სერიოზული სჯა – ბაასი გაიმართა იმის შესახებ, თუ ვისი სასტუმრო სჯობდა.
– ჩვენ ისეთი გემრიელი სუფრა დაგვახვედრეს, რომ .. ( უფროსი თაობა).
– ჩვენი სუფრაც არ იყო, თქვენსაზე ნაკლები (ახალგაზრდები).
– ჩვენთან გიტარაზე უკრავდნენ და ფანდურზეც, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ანეგდოტებს ვყვებოდით(უფროსი თაობა)
– ჩვენ კი, საღამოს ცეცხლი დავანთეთ და ვთბებოდით(ახალგაზრდები).
– ჩვენ ძაღლი რექსი გვყავდა(ახალგაზრდები)
– ჩვენც გვყავდა ძაღლი…(უფროსი თაობა)
– ღამე ისე თბილად და ტკბილად გვეძინა…
კონსესუსამდე მისვლა საკმაოდ ძელი აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ ოდითგანვე ცნობილ მეგრული სტუმარ – მასპინძლობის ადათ – წესებს, ყველაფერი გასაგებია. ასეთი განხილვა – გარჩევით მივადექით დადიანების საზაფხულო სასახლეს.

მეშვიდე გაჩერება–დადიანების სასახლე სალხინოში. უზარმაზარი ეზო, ბზის ულამაზესი ხეივანი, პატარა ეკლესია და ეზოს შუაგულში წამომართული სასახლე– მეცხრამეტე საუკუნეში დაბრუნების უმარტივესი საშუალება აღმოჩნდა. წარმოვიდგინეთ, როგორ დასეირნობდა ეკატერინე ჭავჭავაძე თავისი ურიცხვი ამალით ამ ადგილებში. როგორ შეხაროდა აშილ მიურატი თავისი ხელით მოყვანილ ვაზს. მანდილოსნებს ისღა დაგვრჩენოდა გრძელი კაბები, პატარა ქოლგები და ჩოხა– ახალუხში გამოწყობილი თანმხლები მამაკაცები გვენატრა.

სასახლიდან გეზი აბაშის ხეობისკენ ავიღეთ.
მერვე გაჩერება– დადიანების საბანაო და გოჭკადილის კანიონი. მზე, თვალისმომჭელად ელვარე, წყალი, მწვანე – მწვანე, ჩანჩქერებით დაძარღვული ხეობა, მთელი თავისი სილამაზით შემოგვეგება.
„ დადიანების საბანაო „ – კიბეებს რომ ჩაყვებით სიღრმეში, ხეობაში მოჩხრიალე მდინარის ხმა რომ დაფარავს ფიქრების ხმას, ,თვალებში რომ აკიაფდება ხეებით მოსილი ულამაზესი ადგილი, მაშინ იგრძნობ ბუნების სიძლიერეს და სიმშვიდეს. თითქოს ხეობას დიდი დარბაზი მოუწყვიაო თავისთვის, უზარმაზარი ლოდებით დამშვენებული, მზის სხივსაც კი არ აკარებს არემარეს, რათა მარტო თვითონ იამაყოს თავისი შედევრით. აბობენ, დადიანები სწორედ ამ ადგილას ბანაობდნენო. რა გასაკვირია, უცხო თვალისგან მოშორებული მშვენიერი ადგილისთვის მიუგნიათ და იბანავებდნენ გემოზე, აბა რა.

„გოჭკადილის კანიონი“–აქეთ – იქიდან კლდეებით გარშემორტყმულ კანიონში შესვლა ნავებითაა შესაძლებელი. კლდეებს თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება პირველყოფილი ადამიანების პროფილსაც მიამსგავსო. მიუხედავათ სიცხისა კანიონში ტემპერატურა მკვეთრად დაბალია. ნავში გემრიელად მოკალათებული ათვალიერებ გარემოს და კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, ხოტბას ასხამ ბუნების მიერ შექმნილ მშვენიერებას.
ჩვენ და ხეობას ერთი პრობლემა გვაქვს, წარმოუდგენელია ვეწვიოთ ამ ადგილებს და ერთი ციფრული არ შეეწიროს, ან ვინმე მაინც არ დასველდეს. ამჯერადაც „ივაჟკაცეს“ ტურისტებმა და ერთ – ერთი სრულიად შემთხვევით ნავში ჩაჯდომის დროს აღმოჩნდა წყალში, დასახმარებლად წასულ მეგობარს კი, ციფრული გაუვარდა და პირდაპირ ფსკერისაკენ წავიდა. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ციფრული ამოღებულ იქნა და დასველებული ტურისტები გამოყვანილ იქნენ ნაპირზე.

შუადღე გადასული იყო სასტუმროებში რომ დავბრუნდით. გემრიელი სადილის შემდეგ კი სათაფლიის მონახულებაც მოვასწარით.
მეცხრე გაჩერება – სათაფლიის მღვიმე. კიდევ ერთხელ მოვინუსხეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით. ვაღიარეთ დინოზავრთა უბადლო გემოვნება ამ ადგილის შერჩევის გამო. ავედით შუშის გადასახედზეც, სადაც რატომღაც ყველას დენმა დაარტყა. ალბათ გამოფხიზლების გამო, რადგან უკვე ისეთი დაღლლები და ემოციისგან დაცლილები ვიყავით, რომ ერთი სული გვქონდა სახლებში დავბრუნულიყავით და ეს ორი არაჩვეულებრივი დღე, ტკბილ მოგონებად გვექცია.

ტური შედგა!

ტურისტები – მეცნიერთა აკადემიამ შეიძლება იამაყოს თავისი თანამშრომლებით .
ორგანიზებაც – მშვენიერი.
რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზატორს – ერთი ნაკლი ჰქონდა მხოლოდ – ცოლიანი იყო.🙂

სხვა?! სხვა დროისთვის გადავდოთ, როცა გაგრძელება იქნება…

Posted on October 15, 2011, in ინფორმაცია ტურებზე. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. Ra Dajda? Pasi Mainteresebs🙂

  2. ძალიან მაგარი იყო, ემოციებით დატვირთული 2 დღე
    ეს აუცილებლად უნდა ნახოთ🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: