მარტვილის რაიონის ღირსშესანიშნაობანი

გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: 3100, მარტვილი, გივი ელიავას ქ. 4

ტელეფონი: (+995 218) 2 12 38, (+995 99) 55 44 37

მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა, 10 სთ-დან – 16 სთ-მდე

აღწერა: მუზეუმი დაფუძნდა 1957 წელს. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები:ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე. მუზეუმში დაცულია 55 064 ექსპონატი.

მოთენას მღვიმე

მღვიმე მდინარეების ტეხურისა და აბაშის წყალგამყოფზე, სოფელ ბალფის მიდამოებში მდებარეობს ზღვის დონიდან 570 მ-ზე. გამომუშავებულია შრეებრივ კირქვებში. ჯამური სიგრძე 75 მ-ია. მღვიმიდან გამოდის წყლის ნაკადი. არის სტალაქტიტები და კასკადური ნაღვენთები. შუა საუკუნეებში მოთენას მღვიმეს ციხე-სიმაგრედ იყენებდნენ.

თამაკონის ციხე

სოფელი თამაკონი მდინარე ტეხურის ნაპირებზე მდებარეობს. აქ შემორჩენილია ძველი ციხის ნანგრევები, რომელიც პირველად 1737 წელს მოიხსენიება. ციხე შედგებოდა რამდენიმე კოშკიანი ციტადელისა და გალავნისაგან. ნაგებობა ორფეროვანია შუა ფეოდალური და გვიანდელი ფეოდალური ხანისაა.

ნოღის ციხე და მღვიმე

სოფელი ნოღა მარტვილის რაიონში შედის. ამ სოფელში დგას მე-18 საუკუნის ალერტის ეკლესია, მე-16 საუკუნის ნოღის ციხე და სოფლისმახლობლად არის მღვიმე. მღვიმე 1,5 მ სიმაღლისაა, სიგანე 4 მ-ია. მღვიმე ორადაა გაყოფილი, მასში მიედინება წყლის ნაკადი, რომელიც მღვიმის გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.

დადიანების სასახლე სალხინოში

კიდევ ერთ არქიტექტურულ ნიშანსვეტს სალხინოს სასახლე წარმოადგენს, რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახიან. სასახლე თავდაპირველად მარტვილის ეკლესიის მახლობლად, სოფელ სალხინოში აშენდა დავით დადიანის მამის ლევან V დადიანის მეფობისას (1804-1840). ადრე მოკრძალებული ზომის სამეფო რეზიდენცია იყო, თუმცა შენობამ საბოლოო სახე დიდი ხნის შემდეგ მიიღო.

ქვედა სართულის დიდ დარბაზში იყო ჩაშენებული ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბაკქუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. სალხინოს კომპლექსში აგრეთვე შედიოდა უზარმაზარი, 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის, ღვინის მარანი. ქართველი ისტორიკოსი იონა მეუნარგია ამ სასახლის შესახებ ასე წერდა:

„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა… სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“.

სალხინოს სასახლე, საბჭოთა რეჟიმის დროს გაიძარცვა და განადგურდა და თანაც ეს სოციალური თანასწორობის სახელით კეთდებოდა; შედეგად, სასახლისაგან მხოლოდ გამოშიგნული ნაჭუჭიღა დარჩა.

ბოლო წლებში სასახლე საპატრიარქომ აღადგინა, კვლავ დაუბრუნა ძველი ბრწყინვალება და საპატრიარქო რეზიდენციად გადააქცია. დღესდღეობით სასახლის შენობაში არავის უშვებენ პატრიარქის კურთხევის გარეშე. სასახლის შიდა ინტერიაერი:

მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ისტორია

მე -7 საუკუნეში აშენდა მარტვილ – ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. მე-10 საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.

მე-10 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი-ქართველი ჰიმნოგრაფი. ტაძარი ძლიერი საგანმანათებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშია დაკრძალული. მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია-გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. მარტვილში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სტეფანე სისანოს ძე ჭყონდიდელი (X ს), გიორგი ჭყონდიდელი (XI ს), იოანე ჭყონდიდელი  (XI ს), სვიმონ ჭყონდიდელი   (XII ს), ანტონ ჭყონდიდელი თამარის თანამედროვე, მანვე თარგმნა წიგნი სააქიმიო, არსენ ჭყონდიდელი   (XIII ს), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი-ფილოსოფოსი, რომანოზ მესვეტე (XIX ს)  და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავე გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ,,თანაგამკაფელი ყოველთა გზათა”.

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ისე სასტიკად დააზიანა ტაძარი, რომ იგი მე-10 საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა აღადგინა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს, მოუშენეს ეკვდერები, მხოლოდ აღმოსავლეთშია შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი-ხელოვნების უბადლო ნიმუში. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას ღლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ,,ჩიქვანებისად” წოდებული. ეკლესია სამსართულოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ,,სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს, რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში”

დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.

მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ წლებში იძულებითი უმოქმედობა სუფევდა მონასტერში, 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრირქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება. მონასტრები ამჟამადაც მშენებარე პროცესშია.

მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი – უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც – ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).

ბანძა

  ბანძა–სამეგრელოს სააღებმიცემო და კულტურული საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი კერაა.  მე-18 საუკუნის შუა პერიოდებიდან ებრაელი მოსახლეობა მტკიცედ იკიდებს ფეხს და მყარად მკვიდრდება ყულევში, ფოთში, კულაშში, ორპირში, ქუთაისში, ორაბელში, ლაილაშში, სენაკში და მოგვიანებით ბანძაში. საქართველოში ძველთაგანვე ებრაელებს უფლება ჰქონდათ, ქვეყნის შიგნით განევითარებინათ ვაჭრობა და ასევე უცხო ქვეყნებიდანაც შემოეტანათ საქონელი. ბაგრატოვანთა გამეფების შემდეგ მათი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა ამ მხრივ, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში ფართოდ გაიშალა საღებმიცემო საქმიანობა. შემდგომ საუკუნეებში ქრისტიანობის განმტკიცებისა და აღორძინების შემდეგ ევროპაში ებრაელთა დევნა დაიწყო. გავრცელდა აზრი, რომ ვითომც ურიები ქრისტიან ბავშვთა სისხლს სვამდნენ. ევროპის ქვეყნებში ებრაელთა დევნამ სასტიკი ხასიათი მიიღო. საქართველოში ასე არ ხდებოდა. ებრაელთა მფარველობას და დაცვას თვით მეფის განკარგულებით ახორციელებდნენ. ძირითადად ებრაელები საქარველოში საეკლესიო ყმებად ითვლებოდნენ და პირნათლად იხდიდნენ ამ საეკლესიო ბეგარას. ასევე ეს მდგომარეობა ხელს უწყობდა უფრო ფართოდ და მტკიცედ განევითარებინათ ჩვენში სავაჭრო საქმიანობა. ხალხი ენდობოდა, ელოდა მათ, ისინიც არ იყვნენ ჭირვეულნი , არ ტყუოდნენ, თუმცა ვაჭრობაში ფასსაც ნაკლებს აძლევდნენ, იგებდნენ, მაგრამ დაპირებულს ასრულებდნენ, ჭირსა და ლხინში მათთან იდგნენ. მე-18 საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაღრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი, რომელსაც აქ შეუქმნეს ნაყოფიერი ნიადაგი საცხოვრებლად. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა. შეღავათი მისცა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ყმობის ვალდებულების გადახდის საქმეებშიც. ამ ოჯახს მალე რამოდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც, შეიკრა შინაგანი და საგარეო კავშირ-ურთიერთობანი, დაიწყო ,,იარმარკობა’’, მე-20 საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტორული სამლოცველო ნაგებობა-სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში. ამავე დროს ბანძის მდიდარი ებრაელები თავიანთ წვლილს სდებდნენ სოფლის კეთილმოწყობის საქმეში. სკოლის მშენებლიბაში, ქუჩების კეთილმოწყობაში, საბავშო ბაღების აშენებაში. აქ აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ქართველი ებრაელი მოღვაწე. ბანძელმა ებრაელებმა მძიმედ განიცადეს საბჭოთა ხელისუფლების პირველი შედეგები. შემცირდა ბანძის ცნობილი ,,იარმარკა’’, ბანძის ცნობილი ბაზრის პეწი და სიმდიდრე. კერძო პიროვნული ვაჭრობა და სავაჭრო დუქნები თანდათანობით გაქრა, ებრაელები ჩუმ-ჩუმად განაგრძობდნენ მისვლა-მოსვლას, ვაჭრობას, ჩაებნენ სამეურნეო ცხოვრებაში. ებრაელთა კერძო საქმიანობის მოშლამ, თითქმის დაცალა, გააღარიბა ბანძა. ხოლო ახალ ბანძაში თითქმის არ დარჩა ებრაული ოჯახი. ისინი 70-იან წლებში სიყვარულით გამოეთხოვნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, თხოვდნენ მოევლოთ სინაგოგასა და სასფლაოსათვის. წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში და თან წაიღეს საქართველოს სიყვარული, მათ შორისაა, პატარა და ლამაზი სოფელი-ბანძა.

About these ads

Posted on October 5, 2011, in მარტვილი. Bookmark the permalink. Leave a comment.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: